უკვე წელიწადზე მეტია, საქართველოს ძიძების ასოციაცია ავრცელებს შრომითი ხელშეკრულების ნიმუშს, რომელიც ძიძისა და მშობლის უფლებებსა და მოვალეობებს არეგულირებს.
ხელშეკრულების ნიმუში საქართველოს შრომით კანონმდებლობას ეყრდნობა. ჩვენი მიზანია, ხელშეკრულების საშუალებით დავიცვათ არა მხოლოდ ძიძის უფლებები, რომლებიც სისტემატურად ირღვევა, არამედ დავიცვათ ბავშვისა და მშობლების უფლებები და ინტერესები.
სოციალურ ქსელში ჩვენს კამპანიას, რომელიც საკუთარი შრომითი უფლებების შესახებ ძიძების ინფორმირებას ისახავს მიზნად, ხშირად მშობლების გაღიზიანებული კომენტარები მოჰყვება.
ბევრი მშობელი ამბობს, რომ ძიძებმა, თუ მათ შრომითი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებები და ხელშეკრულება უნდათ, საშემოსავლო გადასახადი უნდა გადაიხადონ.
მშობლების ასეთმა დამოკიდებულებამ ბევრი ძიძა დააბნია, რის გამოც, საჭიროდ ვთვლით, განვმარტოთ, რომ შრომითი ხელშეკრულების გაფორმება, როგორც ასეთი, არც ძიძისთვის და არც მშობლისთვის არ წარმოშობს გადასახადის გადახდის ვალდებულებას.
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, იმის დადგენა, საქმე გვაქვს თუ არა შრომით ურთიერთობასთან, დამოკიდებული არ არის იმაზე, იხდის თუ არა ადამიანი გადასახადს.
არა მხოლოდ კანონმდებლობა, არამედ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაც ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ადგენს, რომ შრომითი ურთიერთობის საკითხი დაკავშირებული არ არის გადასახადების გადახდის ფაქტთან (იხ. მაგ. უზანაესი სასამართლოს 2011 წლის 11 ოქტომბრის განჩინება საქმეზე Nას-1129-1156-2011).
ასეთივე დამოკიდებულება აქვს საქართველოს სახალხო დამცველს, რომელმაც ახლახანს დაადგინა, რომ შრომითი ურთიერთობის დასადგენად გადასახადების გადახდის საკითხს მნიშვნელობა არ აქვს (იხ. 2021 წლის 14 ივნისის რეკომენდაცია გაფიცული კურიერების საქმეზე).
ჩვენ ამით არ ვამბობთ, რომ, ზოგადად, გადასახადები არ უნდა გადავიხადოთ, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ქართული საგადასახადო სისტემა, რომელიც ნებისმიერი ოდენობის ხელფასზე 20%-ის გადახდას ითვალისწინებს, არასამართლიანი და უთანასწოროა.
შეგახსენებთ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, ძიძების 61% მზად არის, გადაიხადოს 5%-მდე საშემოსავლო გადასახადი.
ძიძების ასოციაციის პოზიციაც ასეთია: ჩვენ, მთელ ქვეყანას, არა მხოლოდ ძიძებს, გვჭირდება პროგრესული საგადასახადო სისტემა, რომლის ფარგლებში მათ, ვისაც მაღალი შემოსავალი აქვთ, შედარებით მაღალი გადასახადი უნდა გადაიხდონ, ხოლო ვისაც დაბალი - შედარებით დაბალი.
ძიძებს ჭირდებათ საბაზისო შრომის უფლებები, რომელთა აღიარება გადასახადებზე დამოკიდებული არ არის. მათ ჭირდებათ ნორმირებული სამუშაო კვირა, დასვენება, შვებულება და წინაწარ განსაზღვრული ვალდებულებები, რომ დამსაქმებელ ოჯახში არსებული ყველა ყოფითი საქმე მათი გასაკეთებელი არ იყოს.
ამავე დროს, ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ძიძის შრომა გარკვეულწილად განსხვავდება სხვა ტიპის დაქირავებით შრომისგან - იქნება ეს შრომა სამკერვალოში, სუპერმარკეტში თუ ლაბორატორიაში - მაგრამ ეს განსხვავება ისევ ძიძის შრომას ხდის უფრო რთულსა და დაუცველს.
განსხვავდება, პირველ რიგში, იმაშია, რომ ძიძები არა უბრალოდ მუშაობენ თავიანთი სხეულებითა და გონებით, არამედ ემოციურადაც ზრუნავენ - რომ არაფერი ვთქვათ მაღალ პასუხისმგებლობაზე, რომელსაც ბავშვის უსაფრთხოება და განვითარება ძიძისგან მოითხოვს.
მეტიც, ზრუნვის პროცესში ძიძებს იმდენად უყვარდებათ თავიანთი აღსაზრდელები, ხანდახან თავადაც ავიწყდებათ, რომ დასაქმებულები არიან, რომ ბავშვზე ზრუნვის პროცესში თავადაც გააჩნიათ უფლებები.
გააფორმე ხელშეკრულება! აღიარე ძიძის შრომა!
გააფორმე ხელშეკრულება! აღიარე ძიძის შრომა!
9 ოქტომბერი, 2023