top of page

გაიცანით გამოფენის მონაწილე ზრუნვის მშრომელები, რომლებიც ზრუნვის შრომის პარალელურად, თავისუფალ დროს უთმობენ ხელოვნებას.


1. მაია მარხვაშვილი

პროფესიით მხატვარი ვარ. ვმუშაობდი სკოლაში ხატვის მასწავლებლად.

მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ძიძა გავხდი. ახლა ვზრუნავ ერთი წლის არაჩვეულებრივ გოგონაზე. პარალელურად, მაქვს ხატვის წრე ბავშვებისთვის, სადაც ფერწერას და გრაფიკას ვასწავლი.

თავისუფალი დრო თითქმის არასდროს არ მაქვს, მაგრამ როცა მაქვს, ვცდილობ მთელი ჩემი ენერგია, ფიქრი და ამბოხი ტილოზე გადავიტანო. ჩემს ნახატებთან შეხვედრისას, მინდა, დამთვალიერებელმა დაინახოს სამყარო, რომელსაც მე ვხედავ. თითქოს ბევრი არაფერია, მაგრამ ვიღაცას გულს გაუხარებს, აღტაცებისა და სილამაზის შეგრძნებას მიანიჭებს. ხელოვნებასთან შეხვედრისას ირგვლივ ყველაფერი უკეთესი ხდება.

ვნატრობ, მეტი თავისუფალი დრო მქონდეს, რომ ჩემი საყვარელი საქმე ვაკეთო.

2. ინგა გაბარაშვილი

ვცხოვრობ რუსთავში. პედაგოგიური სასწავლებელი დავამთავრე სკოლამდელი აღზრდის განხრით. შემდეგ შვილს ვზრდიდი, არ ვმუშაობდი.

უკვე 13 წელია, ძიძა ვარ. მიყვარს პატარები. ჩემი ყოველდღიურობაა ბავშვის მოვლა, მისთვის საკვების მომზადება, მასთან ერთად გართობა და მისი განვითარებისთვის ზრუნვა. ბედნიერი ვარ, რომ ოჯახებში, სადაც მომუშავია, კარგი ადამიანები შემხვდნენ.

ჩემი შემოქმედება ბავშვობიდან იწყება. 5 წლის ვიყავი, როცა მამამ ყაისნაღით ქსოვა მასწავლა - ფერადი სინებით მინის ბოთლზე. მას მერე ვქსოვ. 5 წლის წინ სათამაშობის ქსოვა დავიწყე. ამ საქმემ გამიტაცა და განტვირთვის საშუალება გახდა. უზომოდ მიყვარს ჩემი თითოეული სათამაშო.

ქსოვა თავიდან ჰობი იყო, შემდეგ დამატებითი შემოსავლის წყაროც გახდა.


3. ნანა იმედაშვილი

პროფესიით დეკორატიული ქსოვილების სპეციალისტი და თექის ოსტატი ვარ.

ხელსაქმე მიყვარს ბავშობიდან. ქსოვა, ქარგვა და თექა ჩემი საყვარელი სფეროა. 7 წელიწადი ვიმუშავე ხელსაქმის პედაგოგად სკოლაში, მაგრამ დაბალი ანაზღაურების გამო ამ საქმის დატოვება მომიწია და, მას შემდეგ, ძიძად ვმუშაობ.

ახლა ვზრუნავ პატარა გოგონაზე და ყოველი დღე მახარებს მასთან შეხვედრა.




4. ნინო სუმბაძე

პროფესიით ტანსაცმლის დიზაინერი ვარ.

ახლა მოხუცის მომვლელად ვმუშაობ. ოჯახში მუშაობის დაწყების შემდეგ აღმოვაჩინე, რომ თავისუფალი დრო მქონდა და ჩანთების ქსოვა დავიწყე. ეს არის საქმე, რომელიც ძალიან მიყვარს და მის გარეშე ცხოვრება ვეღარ წარმომიდგენია.

დამთვალიერებელს მინდა, ვუთხრა, რომ თითოეულ ნამუშევარში დიდი შრომა, სული და გულია ჩადებული.




5. ია მანჯავიძე

ვხატავ ბავშვობიდან. ხატვის სიყვარულით გავხდი სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი. შემდეგ იგი დიდი პაუზა.

ოჯახური მდგომარეობის გამო გადავწყვიტე, ძიძა-აღმზრდელად მემუშავა. ამისკენ მიბიძგა ბავშვების სიყვარულმა. წლები, რომელიც ბავშვებთან გავატარე, საუკეთესო წლებად მიმაჩნია ჩემს ცხოვრებაში.

ახლა ჯანმრთელობის პრობლემის გამო დროებით არ ვმუშაობ და მთლიანად ხატვაზე გადავერთე. ხატვა, იმის გარდა, რომ საუკეთესო თერაპიაა, საშუალებას მაძლევს, გავექცე ყოველდღიურ ყოფას და გადავიდე სხვა სამყაროში, სადაც მხოლოდ მე და ჩემი ნახატი ვრჩებით ერთმანეთის პირისპირ.




6. თინათინი ჭამიაშვილი

პედაგოგი ვარ.

ოჯახში თავიდან ძიძად ვმუშაობდი. ახლა დამხმარეც გავხვდი და ვაკეთებ ყველაფერს, რაც დიასახლისმა შეიძლება, აკეთოს.

ქსოვა და ქარგვა ბავშვობაში დავიწყე და თანდათან მეტი ვისწავლე. ვქსოვ ყველაფრით, რითაც შესაძლებელია, ჩხირი იქნება თუ ყაისნაღი; ვქარგავ წყლისებურად და ჯვარედინულად. ახლა მოზაიკით დავინტერესდი.

ქსოვა, ქარგვა, მოზაიკა ჩემი საყვარელი შრომაა.

ოჯახში დასაქმებულებმა ვიცით, რა დევს ჩვენს უხილავ შრომაში.



7. ნანული ბარბაქაძე

1997 წლიდან დავიწყე სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის სადღესასწაულო და საზეიმო ფორმების შეკერვა. ბაგა-ბაღში აღმზრდელად მუშაობისას ვხედავდი, რომ ჩემი ფანტაზიით შექმნილი ნამუშევრები ბავშვებს გარდასახვის საშუალებას აძლევდა. ეს დიდ სიამოვნებას გვანიჭებდა და სულიერ საზრდოს წარმოადგენდა - ჩემთვისაც და ბავშვებისთვის.

დამთვალიერებელს მინდა, ვუთხრა, რომ ბავშვებს უზომოდ მოსწონთ გარდასახვა, როლების თამაში. დაეხმარეთ თქვენს შვილებს, სახლში პატარ-პატარა ინსცენირებანი მოაწყონ, დაამზადონ ფორმები და სათამაშოები ხელმისაწვდომი მასალით.



8. მაია ხარებაშვილი

პროფესიით ექთანი, ძიძად ვმუშაობ და თავისუფალ დროს ვქარგავ.

ვქარგავ ბავშვობიდან. თავიდან ეს განტვირთვის გზა იყო, ახლა შემოსავლის წყაროც გახდა.



9. აიდა გევორკიანი

გემოკვების ტექნიკუმი დავამთავრე. ახლა ვმუშაობ ძიძად და დამხმარედ.

თოჯინებისა და ცხოველების ფიგურების ქსოვა 3 წლის წინ დავიწყე. ვქსოვ და ვმუშაობ ეკოლოგიურად სუფთა მასალით, აკრილითა და ბამბით. ეს საქმე, გარდა იმისა, რომ დიდი სიამოვნებას მანიჭებს, დამატებითი შემოსავლის წყაროც გახდა ჩემთვის.
ნატო ჯავახიშვილი

ვარ დიასახლისი.

ვარ დაოჯახებული. საოჯახო საქმიანობაში აქტიურად ჩართული. მყავს მეუღლე და 2 შვილი.

ბავშვობიდან მიყვარს ხელ-საქმე. თოჯინებს ვუქსოვდი შარვლებს, კაბებს. მერე თოჯინების ქსოვა დავიწყე. მუდმივად ვქსოვ, ვხატავ, ყველაფერს ხელით ვაკეთებ, საკერავი მანქანა არ მაქვს.

ფანტაზიები მაქვს და იმდენი რამ მაწუხებს... ახლა სამკაულებით შემოვიფარგლები, რადგან შედარებით ნაკლები მასალა ჭირდება და ადგილიც ნაკლები უჭირავს სახლში.

ჩემი სამკაულები რომ მოსწონთ და ატარებენ, მახარებს, სტიმულს მაძლევს. გარდა ამისა, ეს ნივთები ჩემი შემოსავლის წყაროც არის.

გაიცანით ხელოვანი ზრუნვის მშრომელები - უხილავი შრომა - უხილავი ხელოვნება

8 მარტი, 2024

bottom of page