top of page

ბოლო პერიოდში ოჯახში დასაქმებული ქალები ხშირად მოგვმართავენ კითხვებით გამოსაცდელ ვადასთან დაკავშირებით. საჭიროდ ჩავთვალეთ გამოვეხმაუროთ ამ საკითხს.

რა არის გამოსაცდელი ვადა?

ფორმალურ სამსახურში, ადამიანები მხოლოდ ხელშეკრულების საფუძველზე შედიან შრომით ურთიერთობაში, სადაც გამოსაცდელი ვადა როგორც წესი, დადგენილია 1-3 თვით. ამ ფორმით დამსაქმებელი იტოვებს უფლებას, დაიზღვიოს თავი და დასაქმებულის მოვალეობების ვერ შესრულების შემთხვევაში გაწყვიტოს მასთან შრომითი ხელშეკრულება.

რა ხდება არაფორმალურ საოჯახო შრომაში? ეს არის შრომა, სადაც არც თუ იშვიათად შრომითი შეთანხმება ზეპირია და სამუშაო პირობა მხოლოდ ზეპირსიტყვიერად მიეწოდება დასაქმებულს. გარდა ამისა შრომა ხდება დამსაქმებლის სახლში, რომელიც თავისთავად სრულიად დაუცველი და უკონტროლო სივრცეა დასაქმებულისთვის, ასევე სახელმწიფოსთვის, რომელიც პასუხისმგებელია შრომითი პირობის უსაფრთხოებაზე.

ამ პირობების გამო ოჯახში დასაქმებულ ქალებს უწევთ შეისწავლონ ოჯახის საარსებო გარემო, მიხვდნენ, რამდენად შეუძლიათ ენდონ ოჯახს, მის წევრებს, რამდენად შეესაბამება რეალური შრომის პირობა ზეპირად ან ვაკანსიის ტექსტში აღწერილს, რამდენად ემთხვევიან ემოციურად და ღირებულებებით ოჯახს და შეძლებენ თუ არა მათთან გრძელვადიან თანამშრომლობას. თავის მხრივ ოჯახიც აკვირდება დასაქმებულს და აფასებს, რამდენად მისაღებია მისი დამოკიდებულებები და შრომის პრაქტიკა ოჯახისთვის. როგორც ოჯახში დასაქმებულები აფასებენ, ყველაფერი ეს ხდება პირველი 10 დღის განმავლობაში.

ამიტომ ასოციაციის გულითადი რჩევაა, აუცილებლად გაითვალისწინოთ ეს 10 დღიანი ვადა, როგორც გამოსაცდელი პერიოდი, ვიდრე საბოლოო შეთანხმებას მოაწერთ ხელს.

მნიშვნელოვანია, რომ ეს პერიოდი უნდა ანაზღაურდეს, მიუხედავად იმისა, გააგრძელებთ თუ არა ამ ადამიანთან ურთიერთობას. ის ამ პერიოდში შრომობს თქვენთვის, არ აქვს სხვა შემოსავალი და ცდილობს გამონახოს რესურსი თქვენთან გრძელვადიანი შრომისთვის.

თუ ორივე მხარისთვის მისაღებია ერთმანეთი და გადაწყვეტთ ურთიერთობას, აუცილებლად გააფორმეთ წერილობითი ხელშეკრულება.
ასე ბევრად გაგიადვილდებათ თანამშრომლობა.

გამოსაცდელი პერიოდი

6 დეკემბერი, 2023

bottom of page