საოჯახო შრომის ვიდეო-მეთვალყურეობა იმდენად ჩვეულებრივი გახდა, რომ დასაქმებისას ხშირად შეკითხვა არც კი ისმება, გითვალთვალებს თუ არა დამსაქმებელი.
სათვალთვალო მოწყობილობებზე ხელმისაწვდომობამ თვალთვალი საყოველთაოც გახადა. იგი იმდენად შეიჭრა ჩვენს ყოველდღიურობაში, რომ გვავიწყდება რა არის ნორმა. ხშირია შემთხვევები, როცა დამსაქმებელი მალავს კამერის ადგილსამყოფელს, ან სამუშაო პროცესს მოულოდნელად, პირდაპირ რეჟიმში დისტანციურად ხმოვანი კომენტარით ერთვება, შენიშვნას იძლევა ხმოვანი მოწყობილობის საშუალებით. ხშირად კიდევ მეთვალყურეობა მიმდინარეობს უკლებლივ ყველა ოთახში, მათ შორის საპირფარეშოში და საძინებელში.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის აპარატი განსაზღვრავს რა დროს არის მიზანშეწონილი ვიდეო-თვალთვალი სამუშაო ადგილზე:
🔴ვიდეოთვალთვალი დასაშვებია მხოლოდ პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის, არასრულწლოვნის მავნე ზეგავლენისგან დაცვის, საიდუმლო ინფორმაციის დაცვის და გამოცდის/ტესტირების მიზნებისათვის.
🔴 დასაშვებია მხოლოდ შენობის გარე პერიმეტრისა და შესასვლელის მონიტორინგი; სამუშაო ადგილზე ვიდეოთვალთვალი შეიძლება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის, საიდუმლო ინფორმაციის დაცვის და გამოცდის/ტესტირების მიზნებისათვის და ამ მიზნების სხვა საშუალებით მიღწევა შეუძლებელია.
🔴 აუცილებელია თვალსაჩინო ადგილას შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნის განთავსება.
🔴 აკრძალულია ვიდეოთვალთვალი გამოსაცვლელ ოთახებსა და ჰიგიენისათვის განკუთვნილ ადგილებში.
🔴 ვიდეოთვალთვალის შედეგად მოპოვებულ მონაცემებზე ხელი უნდა მიუწვდებოდეთ მხოლოდ სათანადო უფლებამოსილების მქონე პირებს. ვიდეოჩანაწერი კი უნდა ინახებოდეს მხოლოდ იმ განსაზღვრული ვადით, რაც საჭიროა კონკრეტული მიზნის მისაღწევად.
🔴 მონაცემთა დამმუშვებელმა უნდა შექმნას ვიდეოჩანაწერების შენახვისთვის განკუთვნილი ფაილური სისტემა. ჩანაწერების (გამოსახულება/ხმა) გარდა, სისტემა უნდა შეიცავდეს ინფორმაციას მონაცემთა დამუშავების თარიღის, ადგილისა და დროის შესახებ.
თუ თქვენს სამუშაო ადგილზე ვიდეო-თვალთვალი მიმდინარეობს ამ ჩამონათვალისგან განსხვავებული წესით, დაგვიკავშირდით. შეგვიძლია დახმარებისთვის მივმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის აპარატს.
დაგვიკავშირდით ნომერზე 551 811 911
მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://personaldata.ge/ka/orginnerpage5
ვიდეო-თვალთვალი სამუშაო ადგილას
10 დეკემბერი, 2023