ბლოგი ქალთა უხილავ შრომაზე
ავტორი: ხათუნა ხიჯაკაძე
ღრუბლიანი კვირა დილა გათენდა. მესიამოვნა კიდეც უმზეობა.
რთულად მესახება დღევანდელი მისია. ახალგაზრდა დედა, ნინო* და მისი 2 პატარა გოგო მყავს დღეს გასაცნობი. დედას მინიმუმ 3-4 საათი უნდა გამოვუთავისუფლო. უნდა მოვახერხო ბავშვებთან სწრაფად გაშინაურება. შევთანხმდით, რომ ბავშვებს სასეირნოდ წავიყვანდი, რომ რამდენიმე საათი სამსახურისთვის გამოეთავისუფლებინა.
ტელეფონზე საუბრისას უფრო თამამი და საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული ვიყავი. გზად კი მაფიქრებს ის ფაქტი, რომ დედისთვის ერთი დღის გამოთავისუფლებით, მის შვილებზე ზრუნვის ჩემს თავზე აღებით, დიდად ვერაფერ შეღავათს მივცემ. ავღელდი, ათასი ფიქრი მესხმის თავს. ბავშვები უცხო ქალს როგორ მომეკარებიან? ან დედაში როგორ აღვძრა ისეთი ნდობა, თავისი ორი პატარა რომ გადმომაბაროს და მშვიდად წავიდეს დროებით სამუშაოს შესასრულებლად?! ძალები მოვიკრიბე. საკუთარ თავს ვაჯერებდი, რომ ყველაფერი დაგეგმილზე უკეთ იქნებოდა. ვერ დავაღალატებდი სასოწარკვეთილ და ემიგრანტობაზე მეოცნებე მარტოხელა დედას.
ოჯახში მისული მალევე გავიგებ, რომ ნინომ სახელმწიფოსგან მარტოხელა დედის სტატუსიც ვერ მიიღო, შვილების დაბადების მოწმობაში არსებულ მამის გრაფაში ჩანაწერის გამო. რომც მიეღო ეს სტატუსი, სახელწიფოს ხომ თითქმის არაფერი შეეძლო ნინოს და მისნაირი მდგომარეობის ქალების დასახმარებლად?!
ვერც სოც.მუშაკები დაეხმარნენ რამით, ეს სოციალური სტატუსის ქულები მაინც მოუვიდეს დროულად, რომ მცირედი ფინანსური შემწეობა დაენიშნოს. მხოლოდ ქსელური მარკეტინგით გაყიდვებიდან მიღებული პროცენტით არსებობა შეუძლებელია. ვერც ის დამატებითი სამსახური უვსებს საარსებო მინიმუმს, ხანდახან რომ გამოუჩნდება ხოლმე. სამსახურის გამო ნინო 24 საათი მიჯაჭვულია ინტერნეტს. შვილებს ასადილებს ტელეფონით ხელში, ძილის წინ ზღაპარს უყვება ტელეფონით ხელში. წამით რომ მოადუნოს ყურადღება, ლუკმა პურის საყიდლად საჭირო თანხა შეიძლება დაკარგოს. შვილებთან სათამაშო დროც არ აქვს, სეირნობის უფლებასაც ვერ აძლევს თავს და აბა სხვა რა დარჩენია, თუ არა ემიგრაციაზე ფიქრი?!
კერძო სახლის ვიწრო ეზოში საცალფეხო ბილიკით ჩავედი. ეზოში უამრავი ,,ხუხულა“ დგას, სადაც რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს. პირველი საპირფარეშოს მოვკარი თვალი, ეზოში განცალკევებით მდგარი საერთო სარგებლობის ჩამოშლილი ფართია, რომლის უკარო სივრცეში ძველი, დაჟანგული სარეცხის მანქანა დგას. ალბათ ორი კვადრატულია შესასვლელი ფართი, რომელშიც სამზარეულოც მოუქცევიათ, დაახლოებით რვა კვადრატულ საცხოვრებელ ოთახში კი ორ საწოლთან ერთად, სამეცადინოდ განკუთვნილი მაგიდა და სავარძელი ძევს. საწოლზე მოკალათებული ორი გოგონა ცნობისმოყვარეობით მიმზერენ.
საუბრის დაწყებისთანავე პატარა დედას მიეკრო და ტირილი დაიწყო. ამის მეშინოდა, მაგრამ ოცდასამ წლიანმა ძიძობის გამოცდილებამ გამიმარტივა საქმე, ბავშვები მალევე გავიშინაურე და სასეირნოდ წასვლის განწყობა შევუქმენი. ერთ საათში უკვე მანქანაში ვისხედით და ვაკის პარკისკენ მხიარულად მივქროდით.
დავათვალიერეთ პარკი, ვირბინეთ, ვისრიალეთ, დამალობანა ვითამაშეთ. დედიკოს ვიდეო ზარით ველპარაკეთ, გადაღებულ ფოტოებს ვუგზავნიდი, რომ არ ენერვიულა და მშვიდად ეკეთებინა საქმე. ვაკის პარკის ცნობილი ნაყინებიც დავაგემოვნეთ და ატრაქციონებისკენ წავედით.
ვნერვიულობდი, რომ ფული არ მეყოფოდა, ერთი ატრაქციონის ფასი 12 ლარია, მაგრამ გაგვიმართლა, აქცია დაგვემთხვა, ფასი განახევრებულიყო. ბავშვები სხტუნვით არჩევდნენ ატრაქციონებს, ყველას გამოცდა უნდოდათ. მე კი ამ დღისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი მაინც არ მყოფნიდა. ფული,,ფრი“-სთვისაც უნდა გადამენახა, შესვლისას ისე გულით რომ მთხოვეს.
ჯაჭვების ატრაქციონის ზედამხედველს ვთხოვე, ბოლო ატრაქციონზე ბილეთის გარეშე დაესვა ბავშვები. ვუთხარი, რომ სოციალურ პროექტს ვახორციელებდი და თანხა დამიმთავრდა. კაცმა გაგვიღიმა და ბავშვები მწვანე მუხლუხოს სკამებზე შემოასკუპა. თან ისიც მითხრა, აუტისტური სპექტრის ბავშვებისთვისაც უფასოა ყველა ატრაქციონიო.
ნინოს დავურეკეთ, სახლისაკენ მიმავალ გზაზე იყო. შეკვეთილი ,,ფრი“ავიღე, დაღლილი ბავშვები მანქანაში ჩავსვი და სახლისაკენ წავედით.
დედას ყიჟინით შემოეხვივნენ, ერთამენთს არ აცდიდნენ, უყვებოდნენ განცდილზე. ვუყურებდი და ვფიქრობდი ჩვენს ხელმოცარულ და გულგრილ სახელმწიფოზე. იმ წუთებში მძულდა არარაობად ქცეული ყველა ხელისუფალი.
მანქანაში, სახლისკენ მომავალს, ნინოს დაუსრულებელ მადლობებში გადმოცემული მოზღვავებული ემოციები ჩამესმოდა. ვიცოდი, რომ ჩემს მიერ გამოთავისუფლებულმა დრომ, რამდენიმესაათიანი სიმშვიდე აგრძნობინა, მუშაობის საშუალება მისცა, შვილების ბედნიერმა სახეებმა კი სიხარულით აავსო.
მიხვდა, რომ დახმარების შემთხვევაში, ბევრი რამის გაკეთებას მოახერხებდა. სწავლას მოახერხებდა. სრულფასოვან შრომას შეძლებდა. ემიგრაციაში წასვლაზე აღარ იფიქრებდა!
* ბენეფიციარის სახელი შეცვლილია.
***
შინაარსი შექმნილია პროექტის "პასუხი ქალთა უხილავ შრომას" ფარგლებში, ქალთა ფონდის/ Women's Fund in Georgia-ის მხარდაჭერით. პროექტის განმავლობაში 10 ასეთ ქალის საოჯახო პასუხისმგებლობას გადმოვიბარებთ ერთი დღით, იმ იმედით, რომ ეს დღე მათთვის სამსახურის დაწყების, საჭირო და გადაუდებელი საქმეების მოგვარების, ან უბრალოდ დასვენების შესაძლებლობად იქცევა.
ასევე მოვიკვლევთ მსოფლიო პრაქტიკას, იმ გზების და ფორმების შესწავლის მიზნით, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში წარმატებით ფუნქციონირებს და აზღვევს ქალს სიღატაკისგან და ფიზიკური, ემოციური გადაწვისგან.
Commentaires